
გერმანიას და იტალიას გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფედერალური სარეზერვო სამსახურის უფროსზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე მოუწოდებენ, გაიტანონ ამერიკაში შენახული ოქროს მარაგები, რომელთა საერთო ღირებულება 245 მილიარდი დოლარია. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
ოქროს მსოფლიო საბჭოს შეფასებით, გერმანია და იტალია მსოფლიოში ოქროს რეზერვების სიდიდით მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ აშშ-ის შემდეგ. გერმანიას 3 352 ტონა, ხოლო იტალიას 2 452 ტონა ოქრო აქვს. ოქროს ზოდების მესამედი შეერთებულ შტატებში ინახება. ორივე ქვეყანა აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სამსახურზეა დამოკიდებული, - წერს გამოცემა.
როგორც The Financial Times-ი აღნიშნავს, ტრამპის არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო ევროპაში ოქროს გადმოტანის მოწოდებები გახშირდა. კერძოდ, ოქროს გატანის მომხრეა ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ასოციაცია, რომელმაც შესაბამისი მოთხოვნით გერმანიისა და იტალიის ფინანსთა სამინისტროებსა და ცენტრალურ ბანკებს მიმართა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ტრამპი ფედერალური სარეზერვო სამსახურის დამოუკიდებლობას თავს ესხმის“, - თქვა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხაელ იეგერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოქროზე კონტროლს ევროპული რეგულატორები უნდა აწესებდნენ.
ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა გერმანიის „მემარცხენე“ პარტია Die Linke-დან, ფაბიოს დე მასიმ გამოცემას განუცხადა, რომ „ტურბულენტურ დროში“ ოქროს დიდი რაოდენობის ევროპასა ან გერმანიაში გადატანის სასარგებლოდ „ძლიერი არგუმენტები“ არსებობს.
0
0