
ეპშტეინის გარდაცვალების შესახებ დოკუმენტი ციხეში მის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე მომზადდა — წერს The Daily Mail.
გამოცემის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ახლახან გასაჯაროებულ დოკუმენტებში ამოტივტივდა განცხადება, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის გარდაცვალებას იუწყება, თუმცა მასში მითითებული თარიღი, როგორც ჩანს, წინ უსწრებს ნიუ-იორკის ციხის საკანში მისი ცხედრის ოფიციალურად აღმოჩენის მომენტს.
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის მიერ პარასკევს, 2019 წლის 9 აგვისტოს გაცემულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეფშტეინი უკვე ნაპოვნი იყო სიცოცხლის ნიშნების გარეშე და გარდაცვლილად გამოცხადდა. თუმცა, ციხის ჩანაწერები და ოფიციალური ანგარიშები აჩვენებს, რომ ეპშტეინი უგონო მდგომარეობაში მხოლოდ 2019 წლის 10 აგვისტოს დილას იპოვეს, როდესაც მანჰეტენის გამოსასწორებელი ცენტრის თანამშრომელმა, რომელსაც საუზმე მიჰქონდა, ის საკანში აღმოაჩინა.
ოფიციალური მონაცემებით, ეპშტეინი საკანში უგონო მდგომარეობაში 10 აგვისტოს, დილის 06:30 საათზე იპოვეს. სამედიცინო პერსონალი მის რეანიმირებას შეეცადა, თუმცა მალევე ის გარდაცვლილად გამოცხადდა. მოგვიანებით ნიუ-იორკის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მისი სიკვდილი თვითმკვლელობად (ჩამოხრჩობით) ცნო.
ეპშტეინის სიკვდილი მოხდა ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ფედერალურ საპატიმროში დაფიქსირებული არაერთი ხარვეზის ფონზე. ციხის დოკუმენტების თანახმად, მცველებს, რომლებსაც ეფშტეინის მეთვალყურეობა ევალებოდათ, ცხედრის აღმოჩენამდე ღამის განმავლობაში აუცილებელი შემოწმება არ ჩაუტარებიათ.
ოფიციალური მონაცემებით, დილის 3 და 5 საათზე დაგეგმილი შემოვლები გამოტოვებული იყო. გარდა ამისა, ეპშტეინის საკნის გარეთ დამონტაჟებული კამერები იმ ღამეს გამართულად არ მუშაობდა.

0
0