„ვინი პუჰის“ ავტორის ალან ალექსანდრ მილნის გარდაცვალებიდან თითქმის 70 წლის შემდეგ, მისი ოთხი ნაწარმოები აღმოაჩინეს. ხელნაწერი ზღაპრები გარდაცვლილი ინგლისელი მწერლის ლიტერატურულმა აგენტმა ბეკი ბრაუნმა ტეხასის არქივში იპოვა. ერთ-ერთ ნაწარმოებში [Happy Ever After] მოთხრობილია ჟურნალის რედაქტორის კონკურსის შესახებ, რომლის მიზანი ყველაზე ბედნიერი დაქორწინებული წყვილის პოვნა და წარმატების მისაღწევად მათი რჩევების გაზიარებაა. მეორე ნაწარმოები [My Dear Vincent] დაუმთავრებელი კრიმინალური ისტორიის ფრაგმენტია, რომელიც შერლოკ ჰოლმსის რომანის სტილშია დაწერილი. მესამე [The Southey Manuscript] - დეტალურად აღწერს დოკუმენტის აღმოჩენას ტბების მხარეში, ხოლო მეოთხე [In It Together] - ორ მამაკაცს შორის საუბარს ეთმობა.
როგორც ცნობილია, მილნმა „ვინი პუჰის“ ოთხი წიგნი 1924-1928 წლებში გამოაქვეყნა.
მილნის ლიტერატურულმა აგენტმა ბეკი ბრაუნმა ხელნაწერები ტეხასის უნივერსიტეტის ჰარი რენსომის ცენტრში იპოვა, სადაც მილნის ნაშრომები ინახებოდა.
„ამ ნაწარმოებებისა და ფრაგმენტების ხელნაწერი ფორმით პოვნა ახდენილ ოცნებას ჰგავს. ხელნაწერებს მოგვიანებით დართული აქვს დამატებები და მარგინალიები. ამ მიკარგულ ფრაგმენტებში მილნის წერის მანერის მომხიბვლელობა და ლაკონურობა მკვეთრად აისახება,“ - თქვა ბეკი ბრაუნმა.
„ახლადაღმოჩენილი ნაწარმოებები გასაოცარია და მილნის არაჩვეულებრივ შემოქმედებით სიღრმეს ავლენს,“ - აღნიშნა მილნის მხატვრული ლიტერატურის გამომცემლობის წარმომადგენელმა პიტ დუნკანმა.
მილნის ახლადაღმოჩენილი ზღაპრები ახალ წიგნში - The Complete Tales of A.A. Milne - შევიდა, რომლის წინასიტყვაობა მწერალ გაილზ ბრანდრეთს ეკუთვნის.
ზღაპრების კრებული გამომცემლობა Farrago-მ თებერვალში გამოსცა.
0
0