29/04/2023
22:21
პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე, მოსახლეობას შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შედეგები გააცნო. გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით განხორციელდა.
მისი თქმით, 10-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 ათას 363-მა ამომრჩეველმა მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა კი ახალციხეში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8% მივიდა.
"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს, უკვე შეგვიძლია თამადად ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება წარმატებით განხორციელდა. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ერთად ამ პროცესის წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამომრჩევლებმა ისე, როგორც ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ინტერესი, რომელიც ამ არჩევნებმა გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. ამ არჩევნებს დღეს აკვირდებოდნენ ჩვენი კოლეგები 12 ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. აგრეთვე 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და რა თქმა უნდა მედია. ეს ინტერესი, გარკვეულწილად, გამოწვეული იყო სწორედ იმ ფაქტით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ფართო მასშტაბით გამოვიყენეთ ელექტრონული ტექნოლოგიები და ამ მხრივ არა ერთი ნოვაცია შემოვიტანეთ საარჩევნო პროცესში.
სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებთ 1 საათსა და 30 წუთში გაგაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 117 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა,“ - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
0
0