20/06/2022
21:09
პოლიტიკა
ტექნიკურ თუ დროებითი თანხმობის მთავრობაზე ლაპარაკი არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საჭიროა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს.
მდინარაძის თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ნეგატიური აზრის გამძაფრებას ემსახურება.
„სად არის კრიზისი? უნდათ წარმოაჩინონ, რომ რაღაც ხდება. 2020 წელს რამდენიმე თვე იწვალეს, რომ კრიზისი წარმოეჩინათ, საბოლოო ჯამში ის ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც განიმუხტა, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას. სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა, „სასამართლოში არაფერი გაკეთებულა“ - ასე ისვრიან ფრაზებს და არც ცდილობენ დაამტკიცონ. 4 ტალღა გატარდა და თავადაც რომ ეთანხმებოდნენ ისეთ ცვლილებებზეა საუბარი. ყველაზე დიდი ბოროტებაა, რომ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობები გქონდეს სხვადასხვა გზით და ამას აკეთებდე საზოგადოების მოტყუების გზით. თავად ყველაზე უკეთ იციან, რომ ასოცირებულ ტრიოში და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს კი არა, ზოგ ევროპულ მეგობარ სახელმწიფოსაც რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ, ეს არის ძალიან საამაყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, თუ ეს ასეა, ევროპულმა კომისიამ ეს რატომ ვერ დაინახა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ევროპულმა კომისიამ რა დაინახა და რა ვერ დაინახა, ეს ახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოვიდა ის კაცი და მარტივად თქვა - გეოგრაფია და ის, რომ უკრაინაში ომია“.
0
0