04/07/2022
16:36
პოლიტიკა
თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხებოდა.
მისი თქმით, გადაცემაში გასული სიუჟეტი ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც ჰყავს.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, ვინაიდან, საქართველოში განხორციელებული ყველა ოპერაცია ლეგალური იყო.
„შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ამ ოპერაციასთან მიმართებაში ძალიან დეტალურად განაცხადა, თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, ეს გადაცემა და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყოს ის მტკიცებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრალდებები ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა ჩვენ პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივია, მათთან მოხდება, თუ ასეთი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ხოლო მეორე მხრივ, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპერაცია იყო ლეგალური, რაც საქართველოში განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული.
პირველ რიგში, ყალბი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქონელი ორმაგი დანიშნულების იყო. ეს ასე არ არის, ამას არ თვლის, არც ევროკავშირი და არც აშშ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მიეწოდება, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ შეაფასონ, თუ რაიმე დარღვევა იყო არა საქართველოს ნაწილში, არამედ სხვა ქვეყნებთან ნაწილში და უშუალოდ იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც დასახელებული იყო,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
0
0