
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ყავლგასული პოლიტიკოსია, რომელიც ხავსს ეჭიდება და მას ავტორიტეტი ოპოზიციის რიგებშიც არ აქვს.
„მგონი, არც პატრონებთან აღარ აქვს ავტორიტეტი, რომ ის იქნება რადიკალური მოძრაობის ლიდერი. ზურაბიშვილი ისეთი სახის განცხადებებს აკეთებს, რაც არც შიგნით და არც გარეთ არავის აინტერესებს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა დაწყვილდეს, მათი შედეგი ნული იქნება.
„რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არცერთ მხარეს რესურსი არ აქვს და თამაშია ის, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად გაყვეს – ზოგი რადიკალობას თამაშობს, ზოგი – კონსტრუქციულს. მათთვის ეს მცდელობა არაფრის მომტანი არ იქნება. შეიძლება, 4-5 ოქტომბერს ერთად შეიკრიბონ და თქვან, რომ ერთად არიან, მაგრამ როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა დაწყვილდნენ, შედეგი ნული იქნება. ქართველი ხალხი ბრძენია, მათ პოლიტიკურ, იაფფასიან თამაშებს ხვდება და ამ საქმეში არ ჰყვება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „მივმართავ პარტიებს, რომლებიც თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, სად ვართ, ვინმე დავარწმუნეთ, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს?“. მისივე თქმით, დღევანდელი ამოცანა არის ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს არის მისი გზავნილი.
0
0