
იწყება ინფორმაციული ბლოკადის გარღვევა, „ბიბისის“ გავრცელებული ინფორმაცია უაპელაციო რომ არ არის, ამის გამოქვეყნებას ნელ-ნელა უკვე საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებიც იწყებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ში გამოძიება ორი მიმართულებით, უფლებამოსილების გადამეტებისა და უცხოური მტრული ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის არის დაწყებული.
„ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ „დოიჩე ველემ“ დღეს გამოაქვეყნა, რომ საქართველო აპირებს BBC-ის ამ დეზინფორმაციისთვის სასამართლოში უჩივლოს. უკვე ინფორმაციული ბლოკადის გარღვევა იწყება. ეს ინფორმაცია უაპელაციო რომ არ არის, ამის გამოქვეყნებას ნელ-ნელა უკვე საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებიც იწყებენ. ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. სუს-ში გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებულ. ერთი – თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტება და მეორე მიმართულება – უცხოური მტრული ორგანიზაციისთვის ხელის შეწყობა, რათა ქვეყნის ინტერესები დააზიანონ.
დღეს ჩახუნაშვილმა გააკეთა განცხადება, რომელიც სუს-ის გამოძიების გამოხმაურებაა. როდესაც მიხვდა, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ამ საკითხზე, გამოვიდა და თქვა, მე ლიტერატურის გაცნობაც კი ვერ მოვასწარიო, მე არ მითქვამს, რომ ეს ნივთიერება იყო გამოყენებულიო. უკვე ჩვენს თვალსა და ხელს შუა მეორე ტყუილის თქმა დაიწყო, რომელიც „ბიბისისთვის“ ნათქვამ პირველ ტყუილს მიაყოლა. ამ ტყუილის გამავრცელებლები აქაც აგებენ პასუხს და, დარწმუნებული ვარ, „ბიბისისაც“ მოუწევს ბოდიშის მოხდა.
ჩახუნაშვილი არის კლასიკური ცრუპენტელა, რომელიც ეგრევე იხევს უკან როგორც კი იგებს, რომ სასამართლოსთან, სამართლებრივ ურთიერთობებთან და გამოძიებასთან ექნება საქმე. როდესაც აგენტურა დავალებას იღებს, იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ ამას შეიძლება, რაიმე პასუხისმგებლობა მოჰყვეს. იმდენად დათრგუნულები და დამონებული ფსიქიკის ხალხია, სიტყვის შებრუნებაც არ შეუძლიათ. ამას მე ვერ გავაკეთებ, რადგან ეს რომ ხმამაღლა განვაცხადო, შეიძლება ამას გამოძიება მოჰყვეს და პასუხი მაგებინონო, ამის თქმის უნარიც არ აქვთ. პასუხისმგებლობა არ ასცდებათ არც აქაურ ცრუპენტელებს და არც „ბიბისის“ ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ბიბისის“ მასალაში ნახსენები ქიმიური ნივთიერება წინა ხელისუფლების დროს იყო შეძენილი. შარმანაშვილის თქმით, ქიმიური ნივთიერების შესყიდვისა და გამოყენების საქმეს გამოძიება დაადგენს.
„მიხვდნენ, რომ ამას ვერ გაექცევიან და „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა. ახლა ახალი ბოდვა დაიწყეს და თქვეს, რომ ეს ნივთიერება ჯანდაცვის მიზნებისთვის და ლაბორატორიული კვლევების გამოიყენებოდაო. თუმცა, გომელაურმა ის კი არ თქვა, რომ საქართველომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შეისყიდაო, პოლიციამ შეისყიდა პოლიციის საქმიანობისთვის, რა კვლევაზეა საუბარი. ასე რომ, ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა, რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა. მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გამოძიება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იცით, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები საჯაროდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებას არ ერიდებიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
0
0