
ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით როცა პირველი ნაბიჯები გადავდგით, გარკვეული პირობები იყო. კითხვები ისმოდა, რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, მათ შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. მაშინ მათი პასუხი იყო, რომ ეს შიდა, ეროვნული კანონმდებლობის საქმეა და არ უნდა გამოგვეყენებინა პროპაგანდისტულად, თითქოს ვინმე ამას თავს გვახვევდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იცავს ყველა იმ წესს, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული.
„გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამ საკითხებში მარტო ხომ არ ვიყავით? საფრანგეთმა ჩვენზე რადიკალური კანონი მიიღო, ახლა ევროკავშირიც იმავე გზას ადგას. აშშ-მ კი, გასული საუკუნის 30-იან წლებში მიიღო. ანუ ეს ცივილიზებულ სამყაროსთვის უცხო კანონმდებლობა არ იყო. მიუხედავად ამისა, ეს პირობები დაგვიყენეს. ხვალ შეიძლება, კიდევ დამატებითი პირობები დაგვიყენონ. ეს თამაშის წესების დაცვა არ არის. ყველა იმ წესს ვიცავთ, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული. ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის ეს ყველაფერი თითქმის 100%-ით გვექნება შესრულებული. ასეთი პირობების დაყენება ნიშნავს, თითქოს შარს ეძებენ, რა შარი მოსდონ საქართველოს, რომ უარი გვითხრან რაღაცაზე“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, ყველა იმ წესთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მონიტორინგის ჯგუფები საქართველოში ჩამოდიოდნენ, ყოველ წელს დადებითი ტენდენციები იყო და აღნიშნავდნენ, რომ საქართველო ამ საკითხებს პირნათლად ასრულებს.
„ამის მიუხედავად, დამატებითი ელემენტების შემოტანა დაიწყეს. ასეთ პირობებში ჩვენი პასუხია, რომ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ. ამის გამო ერს თუ დასჯიან, ეს უკვე მთლიანად იმ საქმეს და ნარატივს გააბათილებს, რომელიც მათ აქვთ, რომ ქართველის ხალხის გვერდით დგანან, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონთ. მსგავსი განცხადება კაია კალასმა გააკეთა. მე თუ მასანქცირებ, მე დამასანქცირე, ქართველი ხალხისგან რა უნდათ? თავად ხომ აცხადებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახარ? ეს ყველაფერი ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებია. როცა საქმე ასეთ მასობრივ ტყუილთან გვაქვს, ამის გამო ეროვნული ინტერესების დაცვაზე უარს არ ვიტყვით. ევრობიუროკრატია ამას იმის გამო აკეთებს, რომ თავის ჭკუაზე გვატაროს იმ მიმართულებით, რომ მათი გეგმები შევასრულოთ. პირველ რიგში, რუსეთთან იმ დონის კონფრონტაცია გავაჩაღოთ, რომელიც აუცილებლად სამხედრო კონფრონტაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
0
0
ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
22/12/2025