05/08/2023
12:39
საზოგადოება
სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება. გაიმართა საგანგებო შტაბის მორიგი თათბირი, რის შემდეგაც მედიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. უკვე გაჭრილია გზები და მაშველები მოახერხებენ იმ ადგილებში შესვლას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
შტაბის ინფორმაციით, ჩატანილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოეწყობა დროებითი ხიდები. აღსანიშნავია რომ ოჯახებს, რომლებიც ახლობლებს ამ დრომდე ეძებენ, ვერტმფრენით სტიქიის ზონა დაათვალიერებინეს. ცნობისთვის გუშინდლის შემდეგ დაკარგულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ შეცვლილა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, დღეს მოხერხდება იმ ტერიტორიაზე შესვლა, სადაც აქამდე მაშველების შესვლა ვერ ხერხდებოდა.
მისივე განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე ადამიანების ცხედრები იყოს აღმოჩენილი.
"დავგეგმეთ, რომ დღეს ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში (დაკარგულებისა და გარდაცვლილების ოჯახის წევრები) და საკუთარი თვალით ენახათ თუ რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით, გაეცნენ სამუშაო პროცესებს. ამჟამად შიგნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც მაქსიმალურად გადავიტანეთ ყურადღება, იმ თეორიული გამოთვლებით, სადაც შეიძლება ცხედრის აღმოჩენა მოხდეს. ძირითადად კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ადამიანების ოჯახის წევრები იყვნენ ახლა ჩვენთან ერთად და მათთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახეთ, სად იმყოფებოდნენ მაშინ, როცა ბოლო კონტაქტები შედგა და ზუსტად ის ადგილი - ე.წ. კოტეჯების ტერიტორია", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გზის გასაწმენდად ტერიტორიაზე 8 ერთეული ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად მუშაობს.
"გზა იჭრება იმიტომ, რომ მეწყრულ მასას ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ ძირითადად ნაპოვნი იქნა ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო ჯგუფის ტექნიკასთან ერთად, ვინაიდან სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები და სამწუხაროდ, შესაძლოა იყოს გვემებიც. სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად, ცოცხალი ძალით თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად. 11 გარდაცვლილიდან ამოცნობილია 6 პიროვნება. კოტეჯებთან გუშინაც მუშაობდა ცოცხალი ძალა და დღესაც მუშაობს, მალე მივუახლოვდებით იმ ლოკაციას, სადაც მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
0
0