22/11/2024
11:44
მსოფლიო
ონლაინ სავაჭრო პლატფორმების Temu-სა და Pinduoduo-ს ჩინელმა მფლობელმა PDD Holdings-მა განაცხადა, რომ მათი პროდუქციის გაყიდვები და მოგება შემცირდა, რადგან ეკონომიკური ზრდის შენელების გამო ჩინელი მომხმარებლები პროდუქტების შეძენისგან თავს იკავებენ. აღნიშნული განცხადების შემდეგ, ელექტრონული კომერციის გიგანტის აშშ-ში რეგისტრირებული აქციები თითქმის 11%-ით დაეცა. მანამდე კი, საშინაო ბაზარზე PDD Holdings-ის მთავარმა კონკურენტებმა Alibaba-მ და JD.com-მა ასევე სექტემბრის კვარტალში ნეგატიური შედეგები გამოაქვეყნეს.
ჩინეთში მომხმარებელთა ნდობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის კრიზისმა და ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალმა დონემ.
„გაძლიერებული კონკურენციისა და მიმდინარე გარე გამოწვევების ფონზე, ჩვენი ძირითადი კვარტალური ზრდა კიდევ უფრო შემცირდა“, - თქვა PDD Holdings-ის ფინანსთა ვიცე-პრემიერმა ჯუნ ლიუმ.
მიუხედავად იმისა, რომ PDD Holdings-ის ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმა, Pinduoduo, პოპულარული გახდა დაბალფასიანი და მნიშვნელოვნად ფასდაკლებული პროდუქტებით, კონკურენტების მზარდი რაოდენობა იყენებს მსგავს სტრატეგიებს, რამაც ფასების ომი გამოიწვია.
„ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორი „საპირისპირო ქარებს“ ებრძვის, რათა თავიდან აიცილოს ეკონომიკური ზრდის უფრო მეტად შენელება. მომხმარებელთა ნდობა ჯერ კიდევ სრულად არ აღდგენილა. სამომავლოდ, ელექტრონული კომერციის ზრდა სავარაუდოდ გაგრძელდება... თუმცა უფრო ნელი ტემპით“, - თქვა მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმა Bain & Company-ის საცალო და სამომხმარებლო პროდუქტების პარტნიორმა ჯეიმს იანგმა.
იმავდროულად, გლობალური ელექტრონული კომერციის პლატფორმა, Temu, ასევე პრობლემების წინაშე დგას საზღვარგარეთ.
„ტარიფის პოტენციურ ცვლილებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა და უფრო მეტი ქვეყნიდან უკუკავშირი არსებობს, რომელიც დაკავშირებულია მის „სიიაფესთან”“, - თქვა Citi-ის კაპიტალის კვლევის ანალიტიკოსმა, ალისია იაპმა.
გასულ კვირას ვიეტნამის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Temu და Shein-ი მთავრობაში თვის ბოლომდე უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროდუქტების გაყიდვის აკრძალვა ემუქრებათ. ოქტომბერში, ინდონეზიამ, საკუთარი ქვეყნის საცალო ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით, Google-სა და Apple-ს მათი აპლიკაციების მაღაზიებიდან Temu-ს ამოღება მოსთხოვა. ევროკავშირმა ასევე დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, უწყობს თუ არა ხელს ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა არალეგალური პროდუქტების გაყიდვას, რის გამოც Temu-ს შესაძლოა მკაცრი ჯარიმები დაეკისროს. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი პირობა დადო, რომ ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფებს გაზრდის, რის შედეგადაც, Temu სუპერიაფი პროდუქტების ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავს და ფასებს გაზრდის.
0
0