
BBC-მ აღიარა, რომ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა მისი ერთ-ერთი კრიტიკოსისთვის სახეში სროლისკენ მოუწოდა,- ამის შესახებ გამოცემა The Telegraph წერს.
გამოცემის ცნობით, BBC News-ის შიდა ჯგუფებში ნათქვამია, რომ ამბის გაშუქება არაზუსტი იყო, თუმცა საჯაროდ არანაირი შესწორება არ გაკეთებულა.
The Telegraph-ის ცნობით, საქმე ეხებოდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილისა და დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი მოწინააღმდეგის, ლიზ ჩეინის შესახებ განცხადებას.
გასული წლის ნოემბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, BBC World News America-ს წამყვანმა აღნიშნა, რომ განცხადებაში ტრამპი „როგორც ჩანს, ლიზ ჩეინის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, მისთვის სროლას ვარაუდობდა“.
იმავე საღამოს, გადაცემა Six O’Clock News-ში გამოსვლისას, BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის რედაქტორმა, სარა სმიტმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი „ძალადობრივ რიტორიკას ამძაფრებდა“.
The Telegraph აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, დონალდ ტრამპმა ლიზ ჩეინი „რადიკალურ ომის მომხრედ“ მოიხსენია, რომელსაც ჯარების ომში გაგზავნა სურდა და თქვა: „მოდი, ჩავსვათ თოფთან, ცხრა ლულით, რომელიც მისკენ ისვრის, კარგი? ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს, როცა იარაღები მის სახეზეა მიმართული.“
გამოცემის ცნობით, შიდა დოკუმენტის მიხედვით, BBC News-მა აღიარა, რომ ლიზ ჩეინის ისტორია ზუსტად არ გააშუქა, თუმცა საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია.
0
0