
თელ ავივში ნეთანიაჰუს გადადგომას მოითხოვენ.
თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წინ შეკრებილი ხალხი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქცია „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლის ოჯახის წევრმა დაიწყო.
აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრს პასუხისმგებლობას აკისრებენ, რადგან მათი თქმით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა გასულ კვირაში „ჰამასის“ მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ზომები ვერ მიიღო.
როგორც ცნობილია, კონფლიქტამდე ნეთანიაჰუ უკვე დიდი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იყო. ზაფხულში ათიათასობით დემონსტრანტმა თელ ავივსა და სხვა ქალაქებში სასამართლო სისტემაში ინიცირებული ცვლილებების საწინააღმდეგო აქცია მოაწყო. მათი თქმით, აღნიშნული რეფორმებით ქვეყანა ავტორიტარული მმართველობის გზაზე მიდის.
საპროტესტო აქციების მიუხედავად, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ულტრა-მართლმადიდებელ ებრაელებთან და რადიკალურ მემარჯვენე მოკავშირეებთან ერთად, დეკემბერში ხელისუფლებაში დაბრუნდა.
0
0