
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.8185-დან 2.7791- მდე, ანუ 1.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 2.9354-დან 2.9951-მდე, ანუ 2.0%-ით გაუფასურდა.
თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7673 და 2.9818 შეადგინა.
მარტში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7905 იყო, მინიმალური კი – 2.7673.
„საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები თანაბრად იყო გადახრილი. საშუალოდ, დოლართან მიმართებით თურქული ლირა გაუფასურდა, მნიშვნელოვნად გამყარდა რუსული რუბლი. ასევე გამყარებით ხასიათდებოდა ევრო, ლარი და სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 7.4%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად გაუფასურდა 1.6%-ით, თვის ჭრილში კი – 0.2%-ით. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში, ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.
0
0