04/10/2021
19:35
პოლიტიკა
წულუკიანს არ მიაჩნია, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გამო დასაძრახია.
„არც იმ შენიშვნას არავისგან მივიღებ, რომ ქვეყანაში პოლარიზაციაა. პოლარიზაცია ქვეყანაში არ არის. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ყოველდღიურ რეჟიმში თავიდან ვიცილებთ უბედურებებს, რომელსაც ჩაიფიქრებს და გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, როდესაც თქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის პრობლემა და გამოწვევაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ოპოზიციას „აიძულებდნენ დიალოგი გაემართა“ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„დარწმუნებული ვარ, კარგად გახსოვთ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, როგორც ახლა არის ჯადოსნური სიტყვა „პოლარიზაცია“ და ვისაც არ ეზარება, პირზე აკერია, მაშინ ასეთი სიტყვა „დიალოგი“ იყო და გვაიძულებდნენ დიალოგი გაგვემართა კაციჭამიებთან: მეგის ქარდავებთან, ახალაიებთან და სააკაშვილებთან. ერთხელ ჩვენ, ოპოზიციამ დავიჯერეთ და რომ ეს დიალოგი შესაძლებელია. ბევრჯერ დავიჯერეთ და ყოველთვის ვიყავით დამარცხებულები, სანამ ივანიშვილი სცენაზე არ გამოვიდა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მან ასევე ისაუბრა მათი ხელისუფლების პირობებში ახალი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ, რომლის არ არსებობის შემთხვევაში კახა კალაძე დღეს უკვე არჩეული თბილისის მერი იქნებოდა.
„ასეთი ერთ-ერთი „დემოკრატიული დიალოგი“ მახსენდება NDI-ს ოფისში, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა ეს დიალოგი და თქვა, რომ მას არ აწყობდა არჩევნებში 50%-იანი ბარიერი. მიუხედავად ამისა, მაშინდელი NDI-სა და სხვა მეგობრების მიერ ისინი შერაცხილი იყვნენ „დემოკრატიის შუქურად“. ეს არის ის, რაც მე მახსოვს და რომ ვადარებ, მიკვირს. შესაბამისად, არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის. ჩვენს ქვეყანაში არის მუდმივი მღელვარება, რომლის ავტორი და შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“. ბოდიშს ვერ მოვუხდით ვერავის, თუკი „ქართული ოცნება“ ბრძოლის სადარაჯოზე დგას, იბრძვის და თავს არ ისულელებს, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
0
0