
„იყო ცრუ მოსაზრება, რომ თითქოს კანონით, ძეგლის დაცვის არეალში არასდროს არაფერი არ უნდა აშენდეს. ეს არის ტყუილი. მაშინ, არც სიონის გვერდით არ უნდა იყოს არაფერი, არც სამების ტაძრის გარშემო და არც სვეტიცხოვლის გარშემო არ უნდა ცხოვრობდეს ხალხი რამდენიმე კილომეტრში.“- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, სოფელ ალავერდში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასტუმრო შენდება ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე, ან გალავანთან ახლოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არსებობს ალავერდის კომპლექსის ტერიტორიასთან სასტუმროს მშენებლობის პროექტი. აღნიშნული პროექტის შესახებ ჩვენ, თავდაპირველად მედიისგან შევიტყვეთ - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სასტუმრო შენდება ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ეპარქიის ხელმძღვანელთან და აღმოჩნდა, რომ გალავნის შიგნით არავითარი სასტუმრო არ შენდება, უფრო მეტიც, ეს სასტურმო არ შენდება გალავანთან ახლოს. მისი მშენებლობა არის დაგეგმილი ძეგლის დაცვის არეალში. ამ ძეგლის დაცვის არეალში, ეს ტერიტორია აღმოჩნდა, რომ არის მოშორებით, შემდგომ ტერიტორიაზე.
თუ თქვენ გაიხსენებთ, როდესაც ძეგლის პირისპირ ვდგავართ, ხელმარცნივ მიდის გზა და იქ არის არაერთი წლის წინ აშენებული შავი, კერძო სახლი შუშებით და იმ სახლს რომ გაცდებით, შემდგომ ტერიტორიაზე არის დაგეგმილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ვამბობთ “ალავერდში შენდება” - ვიღაც წარმოიდგენს, ისეთი რამე ხდება, რომ ყველამ ერთად ავისხათ აბჯარი და ჩავიდეთ ალავერდში.
რაც შეეხება ძეგლის დაცვის არეალს, ეს არის სამართლებრივი კატეგორია. იყო ცრუ მოსაზრება, რომ თითქოს კანონით, ძეგლის დაცვის არეალში არასდროს არაფერი არ უნდა აშენდეს. ეს არის ტყუილი. მაშინ, არც სიონის გვერდით არ უნდა იყოს არაფერი, არც სამების ტაძრის გარშემო და არც სვეტიცხოვლის გარშემო არ უნდა ცხოვრობდეს ხალხი რამდენიმე კილომეტრში. ამას არ გულისხმობს კანონი, კანონი გულისხმობს იმას, რომ ეს არის დაცვის არეალი. დასაშვებია სხვადასხვა პროექტის განორციელება, ოღონდ იმ მკაცრი დათქმით, რომ ამით ძეგლს არაფერი დაუშავდება. „- განაცხდა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, მედიაში ითქვა, რომ სასტუმროს აშენებს მეუფე, რაც სიცრუეა, რადგან სასტუმროს კერძო ინვესტორი ეკლესიის კუთვნილ მიწაზე აშენებს.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენს მეუფეს, დავით აბბა ალავერდელს დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა.„ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ეპარქია განავითარა, დაამშვენა და მუდმივად ღვაწლშია, რომ იქაურობა იყოს მოწესრიგებული. -ამიტომ, არ ვიღებ, არ ვიზიარებ არასდროს უსაფუძვლო კრიტიკას და რადგან ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ადვილად ვხვდები ხოლმე, რომელი კრიტიკაა საფუძვლიანი და რომელი უსაფუძვლო.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა შესაბამის არქიტექტორებთან. ვინაიდან ეს არის კერძო ინვესტიცია, ისიც ითქვა, რომ მეუფე აშენებს სასტუმროს. მინდა ვთქვა, რომ მეუფე არაფერს არ აშენებს. ამას აშენებს კერძო ინვესტორი ეკლესიის კუთვნილ მიწაზე, შესაბამისად, გამოსაკვლევი გვაქვს როგორია პროექტი და დაიცავს თუ არა ეს პროექტი კონსტიტუციურ პრინციპს. კონსტიტუციური პირინციპი არის შემდეგი - არ უნდა დაზიანდეს ერთი სიკეთე მეორე სიკეთით, აქ ორი სიკეთე პაექრობს ერთმანეთთან. ეს არის საკუთრების უფლება და ვერავინ ვერ ეტყვის ეკლესიას, რომ თავის საკუთრებაში საერთოდ არასდროს არაფერი გააკეთოს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ძეგლი არავითარ შემთხევვაში არ უნდა დაზიანდეს. ეს უკვე ,კულტურის სამინისტროს სასიცოცხლო პრიორიტეტია.
კულტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ მან პირადად მოისმინა მოწვეული არქიტექტორების მოსაზრება, რომ პროექტი კორექტირებას განიცდის.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში პროექტის განხილვა რამდენჯერმე შედგა. პირადად მოვისმინე მოწვეული არქიტექტორების მოსაზრება, რომ თუ პროექტი რამდენიმე სახის კორექტირებას განიცდის, ასეთ შემთხვევაში ეს სასტუმრო ძეგლს არ შეუქმნის პრობლემას, უბრალოდ, საჭიროა რომ ამ პროქეტმა განიცადოს კორექტირება, რა თქმა უნდა, თუ უკვე არ არის დაკორექტირებული. ეს კიდევ კარგად უნდა მოვიკითხოთ.“
თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო არ დაეთანხმება ისეთ პროექტს, რომელიც იქნება საეპისკოპოსო სახლის უმაღლეს კეხზე მაღალი.
„შესაბამისად, რასაკვირველია, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არ დაეთანხმება ისეთ პროექტს, სადაც, მაგალითად, სახურავზე იქნება მოწყობილი აუზი, რომც ჰქონდეს კერძო არქიტექტორს ამის სურვილი. თუმცა, ამაზეც შეიძლება იდავო კიდეც, იმიტომ რომ ეს უფრო მორალურ თემებზე გადის, ვიდრე კულტურულზე, და არ დაეთანხმება ისეთ პროექტს, რომელიც იქნება ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე საეპისკოპოსო სახლის უმაღლეს კეხზე მაღალი. აი, ეს გახლავთ ის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელსაც მკაცრად დავიცავთ.
აქედან გამომდინარე, პროექტზე შეიძლება მსჯელობა და თუ ჩვენი ობიექტური კრიტერიუმები, იქნება დაცული,, რასაკვირველია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივცემთ პროექტზე დასტურს. ასე რომ, თუ საკრიტიკოა ვაკრიტიკოთ და როცა კრიტიკის საფუძველი არ არის, რაღაცებს მოვუფრთხილდეთ.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0