
პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი, ახერხებს საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას და ქვეყანას იცავს ომისგან, ეს ჩვენ მოვახერხეთ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, საქართველოში „ქართული ოცნება“ არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითი, რისთვისაც მადლობას უხდის პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
"რაც უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ვინც მოვა შემდეგ, იმას დახვდეს უკეთესი, და რაც მთავარია, მას დახვდეს მშვიდობა და შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის, თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. თუმცა, ისტორიას ახსოვს მაგალითები, სადაც მაღალი დონის პოლიტიკოსები თავის პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და მე გავკადნიერდები და გეტყვით, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პოლიტიკური მაგალითი. თქვენ ერთ-ერთ პოლიტიკურ ინტერვიუში კი შეიტანეთ ეჭვი, რომ მეორე ფრონტის გახსნა არავის არ ჰქონია გეგმაშიო, მაგრამ, მოდით, როგორც მე თქვენს სამხრეებს ვენდობი, თქვენ ჩემს სამოქალაქო მუნდირს ენდეთ და დამიჯერეთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პირველად საქართველოში, უახლეს ისტორიაში აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი და ის საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას ახერხებს და ქვეყანას იცავს ომისგან, ეს ჩვენ მოვახერხეთ. მადლობა ამისთვის ჩვენს მთავარ ხელმძღვანელს და დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელი სხდომის დასასრულს, რა დროსაც შეკითხვებს პასუხობდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ზაზა გოგავა.
0
0