06/06/2026
21:45

გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული. თანაგიგრძნობთ, ნახევარი მილიონი ლარი რომ გაქვთ გადასახდელი ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, გამწარებული იქნებით და პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის რაღაცები გექნებათ არეული, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, გოტა ჭანტურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ აქციებზე დაჯარიმების გამო მას ნახევარი მილიონი აქვს გადასახდელი.
წულუკიანმა მიმართა გოტა ჭანტურიას და განუცხადა, რომ მისთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი და რომ მას არ აქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბროს.
„იმ სისტემას რა ვუთხარი მე, რომელმაც ოდესღაც პედაგოგობის უფლება მოგცათ! თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანი, რომელიც ბავშვთან არ უნდა მიუშვა. თქვენ ხართ საშიში, არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი. ასეთი ადამიანი აქ მოვიდა და წუწუნებს, რომ ჯარიმა აქვს გადასახდელი. ამისთვის მოხვედით და ბედავთ იმ კაცზე საუბარს, რომელმაც თავისი მილიარდები, თავისი ოჯახის კეთილდღეობა დათმო და თუ ებრძოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ გემახსოვრებათ, მის მეუღლეს მოუწია გამოსვლა ინტერვიუთი უმძიმეს მომენტში, რომ ჩემს ქმარს თუ მოკლავთ, მე აქ ვარ ცოცხალი და ბრძოლას გავაგრძელებო. აი, ეს თქვა ივანიშვილის მეუღლემ მაშინ, როდესაც ყველას დასასახიჩრებლად დაგვდევდნენ.
ამ კაცზე თქვენ ბედავთ ლაპარაკს, ხელების ქნევით და წუწუნებთ, ამ ეთერს იყენებთ იმისთვის, რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელიო. აქ რას მოდიოდით, ნანუკასთან წასულიყავით და გადაგიხდიდათ იმ ჯარიმას“, - განაცხადა წულუკიანმა გოტა ჭანტურიას მისამართით.
0
0