
გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს თარჯიმანთან ერთად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს.
წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დასწრების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინფორმირებული შეფასებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი.
„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი, გვარი ხომ არ მეშლება, როგორც ჩანს, არის მოცლილი, რადგან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. რომელიმე მათგანი თუ მოხვდა საპატიმროში, ნამდვილად საუკეთესო პირობებში უწევთ ყოფნა. გაგვაკრიტიკეს კიდეც, ზედმეტად ჰუმანურები ხართო. როგორც ჩანს, მას სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო გერმანიის ელჩს, ბატონო ელჩო, მობრძანდით. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას, რომ ამ სხდომებს დაესწროთ თქვენს თარჯიმანთან ერთად. მოუსმინეთ, რას ყვება ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე. როგორ ცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს. როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორე მათგანის წამება, რის შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა, როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს და შემდეგ გააკეთეთ შეფასებები, ბატონო ელჩებო. განზრახ არ გვინდა, დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, ვიცავთ პირადი ცხოვრების და პირადი ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით და მხოლოდ უსმინეთ, შემდეგ უკვე გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ვერავინ მოახერხა სააკაშვილის გარდა, რომ ეტირებინა ქართველი კაცები ხმით. ეს მან მოახერხა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
0
0