
მე როდესაც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი, არ მგონია, რომ მეხსიერება მღალატობდეს, გვასწავლიდნენ, რომ 1960-იან წლებში ყველაზე მეტად დაჩქარდა დეკოლონიზაცია და ევროპა ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ კოლონიალიზმზე და კოლონიურ მენტალიტეტზე უარი თქვა. როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ, სწორედ ეს გაკვეთილები მახსენდება და ვფიქრობ - დამთავრდა კი ეს ყველაფერი?, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა. გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.
წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ვერ წავა კომპრომისზე ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.
„როდესაც ქალბატონი კალასი, რომელიც ახლა ირკვევა, რომ რუსის ჩექმით კმაყოფილი ოჯახიდან არის გამოსული და ჩვენ გვეძახის რუსეთუმეებს, გვიბრძანებს - ეს უნდა გააკეთოთ, ეს არ გააკეთოთ, მე თქვენზე უკეთ ვიცი, რომელი კანონი ურჩევნია ქართველ ხალხს - ეს ტოვებს იმ განცდას, რაც თავის დროზე წიგნებში წაგვიკითხავს, რომ არსებობენ აღმატებული ერები და პატარა ერები, რომლებმაც აღმატებული ერების ჭკუაზე უნდა იარონ. ჩვენ ეს არ გვინდა.
არაერთხელ მითქვამს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი, მაგრამ თუ არის ისეთი თხოვნა ან შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ და გვიჩვენებია დიდი კომპრომისის უნარიანობა, მაგრამ როდესაც უკვე მათივე ღირებულებებთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები, საით მიდის ევროპული ბიუროკრატია, ნამდვილად არის თუ არა მათთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტი - ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან ის რაც არის ხშირად მოთხოვნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ ვართ ევროპა, ან არ ვართ ევროპის ნაწილი, რომელიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით“, - განაცხადა წულუკიანმა.
კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ერთნაირ კრიტიკას, თუმცა კრიტიკაზე ევროპის განსხვავებულ რეაქციებს.
1
0