
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული სარჩელების სტრასბურგის სასამართლოში შეტანაში ეხმარებოდა.
ამასთან, წულუკიანის თქმით, როდესაც სტრასბურგში მუშაობდა, საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები შედიოდა არა მარტო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციისგან“, არამედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც.
„სტრასბურგში მუშაობა დავიწყე შევარდნაძის დროს, ორი ან სამი საქმე შემოდიოდა. წლებთან ერთად და ჩემი იქ საქმიანობის ბოლო წლებში, უკვე წელიწადში შემოდიოდა 400-მდე საქმე, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელთა საქართველოს წინააღმდეგ შემოტანაც დააორგანიზა რუსეთის ფედერაციამ. სხვათა შორის, ეს ხდებოდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით, ეს ცალსახად უნდა ითქვას. მათ შორის იყო მაგალითად საია, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანა დოლიძე, მაგრამ არამხოლოდ ის. იყო სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც, მაგრამ წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, საია-ს ჰქონდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“.
0
0