22/12/2024
16:37
საზოგადოება
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან „ორბორბლიანების“ მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები ადგილზე მოტოციკლეტებით არიან მისული. მიტანილი აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
როგორც აქციის მონაწილეების აცხადებენ, ისინი დღეს ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის მოვლას აპირებენ.
რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განმარტა მათი მოთხოვნა „რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება“ და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
„გეგმა არის ის, რომ მთელი ქალაქი უნდა მოვიაროთ. ყველა უბანში მივდივართ, საკმაოდ გრძელი მარშრუტი გვაქვს, რაც შეთანხმებულია საპატრულო პოლიციასთან. მთავარი მესიჯი და მოთხოვნაა: თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი ტყვეები და არანაირი პატიმრები. პატიმარი ის ადამიანია, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ამათ არაფერი ჩაუდენიათ. ამასთან, უპირველესი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, რადგან ის გაყალბდა და ეუთო/ოდირმაც დაადასტურა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დღეს თბილისში 10-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება.
კერძოდ, ინგლისური ენის სპეციალისტების მარში; ქართველი მემარჯვენე ლიბერალების; კახელებისა და ქიზიყელების; ვეტერანთა; მარში „ანწუხელიძე“; ERASMUS-ის პროგრამების მონაწილეების; ლეჩხუმელების მარსი და სხვა.
მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0