თბილისში, ნინოშვილის 48 ნომერში საცხოვრებელი სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა. თაღის თავზე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, საცხოვრებელი სახლები მდებარეობს, ჯამში კი, ე.წ. იტალიურ ეზოში 27 ოჯახი ცხოვრობს.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნინოშვილის 48 ნომრის მცხოვრებლებმა ორი წლის წინ შეამჩნიეს, რომ კანალიზაცია იჭედებოდა და მერიას და GWP-ს მიმართეს, თუმცა შედეგი არ დამდგარა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ წვიმის გამო ეზო დაიტბორა და წყალი სახლშიც შევარდა, რის შემდეგაც მერიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა, რათა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე კანალიზაციის მილი ეპოვათ, თუმცა, როგორც ადგილობრივი ამბობს, აღმოჩნდა, რომ შიდა მილი ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე დაერთებული არ იყო და ამ დროის განმავლობაში კანალიზაცია საძირკველში ჩაედინებოდა.
„ამ გათხრა-გამოთხრაში მილი ვერ იპოვეს, აღმოჩნდა, რომ ამდენი ხანი ჰაერში ვიყავით და ეს ყველაფერი საძირკველში მიდიოდა. ამის შემდეგ, როგორც იქნა, GWP მოვიდა, რომ გარე არეალში გაეთხარათ. გუშინ გათხარეს, რომ დაეერთებინათ მთავარ საკანალიზაციო მილზე და ამასობაში კედელს გამოეცალა საფუძველი. ორი დღეა მერიას ვეხვეწებით, რომ არ დაგვტოვონ ისე, რადგან შეიძლება კედელი ჩამოინგრეს. მერიამ გვიპასუხა, რა გგონიათ, რას გიზამთ?! თქვენს თავს თქვენ თვითონ მიხედეთო“, — აცხადებს ადგილობრივი.
მისი თქმით, სანამ მეზობლები ამ ბიუროკრატიაში გარკვევას ცდილობდნენ, დღეს, 18 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე თაღის კედელი ჩამოშალა:
„ამასობაში, ამ აქეთ-იქეთ სირბილში თაღის კედელი, რომელსაც უჭირავს სამი სართული, ჩამოიშალა“ ,— ამბობს ინარიძე. მისი თქმით, სახლს ავარიულის სტატუსი აქამდე არ ჰქონია. ნინოშვილის 48 ნომერში მცხოვრები 27 ოჯახი, ქალის თქმით ,ამ დრომდე ელოდება მერიისგან პასუხს, უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებელ სახლებში დარჩენა.
მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, რომლის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, რა ტიპის სამუშაო იქნება ჩასატარებელი.
„დამატებით გაცნობებთ, რომ ნინოშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობდა წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია „ჯივიპის“ მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.
GWP-ში კი ამბობენ, რომ გუშინ მიიღეს შეტყობინება, რომ გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოებისას დაზიანდა მათი მილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები წითელ ხაზებს მიღმა, თაღის გარე ტერიტორიაზე აწარმოეს და მის ქვეშ არ გაუთხრიათ.
0
0