28/12/2024
18:15
საზოგადოება
თბილისში გამართული „ერთობის ჯაჭვის“ მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლა.
საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მიდიან დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან „ერთობის ჯაჭვის“ დანარჩენი მონაწილეებიც.
„ცოცხალ ჯაჭვში“ იდგა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ის ზაარბრიუკენის მოედანზე მივიდა.
დღეს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართა. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეკრა: ვახუშტის ხიდზე, თამარ მეფის ხიდზე, გალაკტიონის ხიდზე, ზაარბრიუკენის ხიდზე, ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზე.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შეკრული საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
0
0