ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ სტენდ-აპ-კომიკოსს დიმიტრი გავრილოვს სიძულვილის გაღვივებისთვის 13 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება ორშაბათს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. გავრილოვის დაკავების მიზეზი გახდა ვიდეო, რომელშიც სამართალდამცავებმა დაინახეს „ადამიანის ღირსების დამცირების ნიშნები ეროვნების, ენის, წარმომავლობისა და სოციალური ჯგუფის წევრობიდან გამომდინარე“.
როგორც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, ვიდეო, რომელიც საქმის მიზეზად იქცა, 2023 წლის 20 იანვარს „აღმოაჩინეს“. საუბარია იმ დღეს გამოქვეყნებულ თბილისში დიმიტრი გავრილოვის სტენდ-აპის ჩანაწერზე - ღონისძიებაზე მან იხუმრა რუსებზე, მობილიზაციის გამო მშობლიური ქვეყნიდან გამგზავრებაზე და ქართველების მათდამი დამოკიდებულებაზე - აღნიშნავს „მედიაზონა“.
ერთ-ერთმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ვიდეო გავრილოვთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული. ვიდეოში მან ბოდიში მოიხადა „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის“ და რუსი სამხედროების „დისკრედიტაციისთვის“.
0
0