„ჩვენ თბილისში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ცნობები გვაქვს. როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისში განვითარებულ პროცესებზე:
“ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა გააგრძელოს”, -აღნიშნა სპიკერის მოადგილემ.
„ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის თვითგამოხატულ მისწრაფებებს არ შეესაბამება - არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატოა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.
ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ დღე გაავრცელა ინფორმაცია აქციაზე დაკავებულების შესახებ. მათ შორის 2 ამერიკის მოქალაქეა.
0
0