
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. მიზეზი - თბილისში 7 მარტს განვითარებული მოვლენებია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ამ საკითხზე დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
„საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ძალოვანი უწყებები სამსახურის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილები“, - განაცხადა გაგლოევის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ.
ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო, რასაც პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების პროტესტი მოყვა.
საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
„მონებო“, „რუსებო“, „პუტინისტებო“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათ წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მიმდინარეობის პერიოდში ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
შსს ინფორმაციით, 7 მარტს გამართულ აქციაზე 66 პირი დააკავეს.
0
0