10/12/2024
10:10
სამართალი
ვრცელდება ინფორმაცია რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ასევე ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველების მიერ რამდენიმე პირის დაკავების შესახებ.
მეტროსადგურ „რუსთველთან“ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარტია „ახლის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მირანდა ბაღათურიამ. როგორც ბაღათურიამ პირველ არხს განუცხადა, ერთ-ერთი პირი, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, სამართალდამცველებმა მის თვალწინ დააკავეს.
ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე ერთი პირის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ჭავჭავაძეზე დააკავეს ონკოპაციენტი (მესამე სტადიის ლიმფომა, ქიმიოთერაპიის კურსი), სმენადაქვეითებული, ოფიციალური შშმ პირი თორნიკე მსხილაძე. აბსოლუტურად გაუგებარია, რისთვის – ლაივი ჰქონდა და ნახავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – თვალისჩინივით მოუარეთ, სანამ გამოუშვებთ. ცხელი ხაზი ეძებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ბოლო სამ საათში თბილისსა და ქუთაისში სულ შვიდი პირის დაკავების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
„თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება. ბოლო სამ საათში თბილისსა და ქუთაისში შვიდი პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, ერთი – სისხლით არის დაკავებული. ვცდილობთ გაგებას, სად გადაიყვანეს“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
0
0