12/02/2024
15:24
საზოგადოება
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარედ ტყეში კერძო პირებს დათვი ჰყავდათ ხელზე მიბმული. გავრცელებულ ფოტოზე ჩანდა, რომ დათვს ყელზე ჯაჭვი ეკეთა. თბილისის ზოოპარკმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ცნობა, რომ ცხოველი მათთანაა გადაყვანილი.
ზოოპარკში ამბობენ, რომ მათ დახმარება გორის პოლიციამ სთხოვა, ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად დასტრესილი და შეშინებულია. შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ როგორ განვითარდა მოვლენები.
"ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში.
ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს.
იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0