
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის ონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, აქციის ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ასევე დაპირისპირებაა სასამართლოს შენობაში მყოფ პირებსა და მანდატურებს შორის. ისინი დარბაზში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მანდატური არ აძლევს იმ მიზეზით, რომ პროცესი მცირე დარბაზში მიმდინარეობს და ყველა მსურველის დასწრების შესაძლებლობა არ არის.
სასამართლო დარბაზში შესვლა შეზღუდულია მედიის წარმომადგენლებისთვისაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
0
0
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს
22/05/2025