
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა, რვა დაკავებული პირიდან სამმა აღიარა მკვლელობა და მკვლელობის შემკვეთად აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე დაასახელა.
პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი გადაწყდება და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც.
მისივე განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით, სერჟანტ როინ შავაძის პიროვნების შესწავლის ბრძანება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა, დათა ახალაიამ გასცა. მისივე თქმით, საქმეში მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ფიგურირებს, რომელიც დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, „მისი პასუხები „დიახ“ და „არათი“ შემოიფარგლა“ და განაცხადა, რომ არ იცოდა ამ საქმის ირგვლივ დეტალები. პროკურორის თქმით, მერაბიშვილი ქვეყანაში არ იმყოფება.
ამასთან, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სამმა სპეცრაზმელმა, რომლებიც მანამდე მიცემულ ჩვენებებში დანაშაულს არ აღიარებდნენ, დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დანაშაული აღიარეს. ბასილაიას თქმით, „გამოძიებას ისრები მერაბიშვილისკენ მიაქვს და სპეცრაზმელები ჩვენებებში ირიბად მერაბიშვილს ახსენებენ“. ბასილაიას განცხადებით, არ იცის აღიარების საფუძველი რა გახდა. მისივე თქმით, იგი ჩამოშორდა იმ სპეცრაზმელების დაცვას, რომლებმაც დანაშაული აღიარეს.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 2023 წლის 28 ივლისს დაიწყო.
შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა 29 ივლისს შეეფარდა.
0
0