07/12/2024
11:52
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროცესზე დაკავებულის ერთ-ერთ ადვოკატს, იამზე ჯღარკავას ევროკავშირის დროშა ტანზე ჰქონდა მოხვეული. მას მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განუმარტა, რომ დარბაზში სახელმწიფო დროშა წარმოდგენილი იყო, შესაბამისად, იმისთვის, პოლიტიკური ელფერი და სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ მიეცეს, მას დროშა უნდა მოეხსნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა მას უთხრა, რომ მოსამართლისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ თხოვნას არ შეასრულებდა, რადგან ეს ჟესტი მკაფიოდ გამოხატავდა განვითარებული მოვლენების მიმართ მის პოზიციას.
მოსამართლე მგელიაშვილმა ადვოკატს ჰკითხა, თუ მოიყვანდა რომელიმე ქვეყნიდან მაგალითს, რომ სახელმწიფო დროშის გარდა სხვა დროშაც გამოეყენებინოთ, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, „მაგალითი ჩვენ ვიქნებითო“.
საბოლოოდ, მოსამართლე და ადვოკატი შეთანხმდნენ, რომ ის დროშას მოიხსნიდა, თუმცა, სკამზე გადაფენილი იქნებოდა.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერიც, თუ როგორ ისვრის ის „მოლოტოვის კოქტეილს“ და როგორ ეცემა ის პოლიციელების წინ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენოს.
დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ ეთანხმება. უფლებადამცველების თქმით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი.
ადვოკატების თქმით, დაკავების მომენტში კვარაცხელია სახლიდან ძალის გამოყენებით, უფლებების უხეში დარღვევით, ფეხშიშველი გაიყვანეს და იზოლატორში სხვისი, ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ჩააცვეს.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025