
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. პროცესს ბრალდებული ექიმიც ესწრება, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს.
როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, გიორგი ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, კერძოდ კი, საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე alpha-PVP. პროკურატურა ექიმის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
ბრალდების მხარეს ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. როგორც სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი ახობაძეს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, ხოლო ნარკოტიკი, რომლის შეძენა-შენახვასაც მას ედავებიან, ჩაუდეს.
ადვოკატების თქმით, გიორგი ახობაძე არის უკანონო პატიმარი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ახობაძის დანაშაულზე მიუთითებს.
რაც შეეხება ჩხრეკის ოქმს, ადვოკატების თქმით, ოქმი გაყალბებულია, შესაბამისად, ის არის დაუშვებელი მტკიცებულება და ამაში სასამართლოც დარწმუნდება.
ადვოკატების განმარტებითვე, ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცებულება დნმ-ია, რაც მყარი მტკიცებულება არ არის, რადგანაც, მათივე ინფორმაციით, გიორგი ახობაძის ნიმუშების დატანა ხელოვნურად მოხდა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0