02/04/2025
17:10

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იკითხება.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, იკითხება პროკურატურაში თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.
ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობს, შესაბამისად, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობაში კანონდარღვევას ვერ ხედავს და ამ პოზიციას პროკურორის და მაგისტრი მოსამართლის წინაშეც გამოკითხვის დროს დააფიქსირებს.
„არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ ვაპირებ, ეს რუსული ხელისუფლების ინსტრუმენტია ოპონენტებზე ანგარიშსწორების და გაშავებისთვის. კანონი არ დამირღვევია, რადგან არალეგიტიმურია. კომისიის სხდომაზე მიწვევა გამიზნული ანგარიშსწორება იყო, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამ პოზიციას გავაგრძელებ სასამართლოში. უპრეცედენტო ვითარებაა, როდესაც ყველა ინსტიტუცია ოპონენტების ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება, მიტაცებულია და ყველა ინსტრუქციას აღნიშნული ინსტიტუციები შეასრულებენ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა გამოკითხვა სასამართლოში თავად მოითხოვა.
0
0