
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული გელა უძილაური დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ბრალდებული მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა.
ბრალდებულები გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. ბრალდებულებმა გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა ასევე ბრალდებულ სანდრო წივწივაძისგან მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19" მოდელის პისტოლეტი ბრალდებულმა ჯოხაძემ მსჯავრდებულ უძილაურს გადასცა.
მიმდინარე წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს შეხვედრა დაუთქვა ქ. თბილისში სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან. დაახლოებით 19:14 წუთზე გელა უძილაური მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გიორგი ჯოხაძეს, სადაც ასევე სასტუმროში მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეები. გიორგი ჯოხაძემ და გელა უძილაურმა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.
ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა მიმდინარე წლის 16 თებერვალს და მივიდა სასტუმრო „ამბასადორში“. გელა უძილაურმა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფლის შესახებ ისიც მივიდა სასტუმრო „ამბასადორთან“, თუმცა ვერ განახორციელა ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა მისთვის ხელსაყრელი პირობების არ არსებობის გამო. 2025 წლის 23 თებერვალს ლევან ჯანგველაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.
მიმდინარე წლის მარტის თვეში ბრალდებულმა ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.
14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა მიაწოდეს გელა უძილაურს, რომელიც დაახლოებით 20:40 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას, რომელიც მის მეგობართან ერთად მეგობრის პანაშვიდზე იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 23:30 წუთზე გამოვიდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 17 327 ლარი და 2200 აშშ დოლარი.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ანგარებით და შეკვეთით), 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი დავით და გიორგი მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, სანდრო წივწივაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე, ხოლო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს პროკურატურაში ბრიფინგზე.
0
0