
თბილისის საკრებულოს წევრმა მარიამ ზაქარიაშვილმა წლიური მუშაობის ანგარიში წარადგინა.
მან საკრებულოში, კერძოდ, კომისიებში საქმიანობაზე ისაუბრა. მარიამ ზაქარიაშვილი სატრანსპორტო საკითხთა და სახელდების და სიმბოლიკის კომისიების წევრია.
მან სწორედ ამ კომისიების საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან მარიამ ზაქარიაშვილმა გამოყო შემდეგი საკითხები: ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, გამოიწერება საჯარიმო ქვითარი ან ელექტრონული ფორმით ივსება საჯარიმო ქვითარი, რომელიც ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ცვლილების შედეგად უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს. პროექტის თანახმად, ბიუჯეტს დაემატა ახალი პროგრამა:
მდგრადი ურბანული მობილობა - გონიერი სატრანსპორტო სისტემა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მეტროსადგურს, რაც მოიცავს ესკალატორების და ელექტრომექანიკური დანადგარების პანელების შეცვლას, მგზავრთა ინფორმაციის შეტყობინების სისტემის განახლებას, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეცვლას. რამდენიმე მეტროსადგურის შესასვლელში დამონტაჟდება დახრილი ლიფტები.
დახრილი ლიფტებით სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები, მოხუცები და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირები. ფიზიკურ პირებს, რომლებიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში ნებისმიერ დროს ახორციელებდნენ საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) - მგზავრთა გადაყვანას A კატეგორიის ნებართვით პრინციპით ,,ერთ პირს - ერთი ნებართვა”, უსასყიდლოდ გადაეცათ „A“ კატეგორიის უვადო ნებართვები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პრიორიტეტი დაფინანსდა 438,304.4 ათასი ლარით, რაც გეგმის (447,583.8 ათასი ლარი) 97.9%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საქმიანობას, მარიამ ზაქარიაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღებია სახელმწიფო დროშის დღე (14 იანვარს საკრებულოს შენობის ისტორიული აივნებიდან გადმოიკიდა საქართველოს დროშა), 25 თებერვალი (სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მუდმივად ახორციელებს იუნკერთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას და კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მათი სახელების დამკვიდრებას), 9 აპრილი (სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით თბილისში 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ყველა ადამიანის სახელობის გეოგრაფიული ობიექტი არსებობს).
მარიამ ზაქარიაშვილი არის ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიება/აქტივობა განხორციელდა, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს გენდერული თანასწორობის საბჭოს სსიპ - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობით არაერთი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ წლის განმავლობაში ინიცირებულ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა გახლდათ.
მარიამ ზაქარიაშვილი მუდმივად ესწრებოდა საკრებულოს, მერიის, რაიონული გამგეობების, სპორტული და ახალგაზრდული, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, შეხვედრებსა და სხვადასხვა სახის ცერემონიებს.
0
0