
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, გიორგი ახვლედიანმა და თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებთან ერთად, 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, როდესაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერები ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. მათივე თქმით, იუნკერებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავიანთი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
0
0