26/04/2023
15:37
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში, ახალი საპილოტე პროგრამის ამოქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროგრამის პირველ ეტაპზე კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას 500 მოზარდი გაივლის. განცხადება ახალი პროგრამის დანერგვის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
"თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებში სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა, რომელიც 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს, სპორტული მედიცინის დანერგვის და ახალგაზრდების სპორტში
ჩართულობის მიზანშეწონილობის საფუძველი და მათი ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წინაპირობაა“, - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე.
სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის ახალ საპილოტე პროგრამას თბილისის მერია საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად იწყებს. პროგრამის ფარგლებში სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
პროგრამის პირველ ეტაპზე, 26 აპრილიდან 5 ივნისამდე, სამედიცინო შემოწმება ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდს ჩაუტარდება.
სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.
0
0