21/06/2023
11:52
პოლიტიკა
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა.
„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვაზე. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა – 2024 წლის ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება.
„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი მგზავრი შეძლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განახლებულია ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერია ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება, დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება, მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
0
0