
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიის განცხადებით, თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას და არც მათთან მოლაპარაკება უცდია.
„გახარია საქართველოსთვის“ შეფასებით, ეს არის მმართველი ძალის უნიათობის, გულგრილობის და კორუფციის მორიგი სახე.
„თვალჭრელიძის №1-ში უკვე ორ წელია 120-ზე მეტი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი გადარჩენისთვის იბრძვის, მათ შორის არიან მრავალშვილიანი დედები, ბავშვები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სახელმწიფომ ალტერნატივა არ შესთავაზა – მხოლოდ მიტოვებული შენობა, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა ყოველდღიურობა გახდა. ამ ადამიანებმა საკუთარი ძალებით, მიტოვებულ შენობაში საცხოვრებელი მინიმალური პირობები თავად შექმნეს, თუმცა ახლა თბილისის მერია და სხვა პასუხისმგებელი უწყებები ძალადობრივი გზით ცდილობენ მათ გამოყვანას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფო ინსტიტუტების გულგრილობას და ბოროტად გამოყენებულ ძალაუფლებას. თბილისის მერია თვალჭრელიძის მაცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას. მერიამ არც ერთხელ არ სცადა მოსახლეობასთან დალაპარაკება, არ სცადა მოლაპარაკება მეპატრონესთან. არ ყოფილა არცერთი მცდელობა მედიაციის პროცესის დაწყებისა, რასაც თავად მცხოვრებლებიც ადასტურებენ. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ უკვე 3 თვეა დგას ამ ადამიანების გვერდით – არაერთხელ მივმართეთ მერიას, ჩავატარეთ ბრიფინგები, შეხვედრები მოსახლეობასთან, ვცადეთ მეპატრონესთან მოლაპარაკება, მაგრამ მერიამ აირჩია ჩუმად ყოფნა და ძალადობაზე თანხმობა. თბილისის მერმა ასე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ასრულებს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენების სურვილებს, თითქოს ეს ქალაქი რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაა. აშკარაა, რომ „ოცნებისთვის“ კორუფციულმა ინტერესებმა გადაწონა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისის მერიამ გაამართლოს ძალადობა, ქუჩაში დატოვოს ასობით მოქალაქე და ხელი შეუწყოს კორუფციული სქემების განხორციელებას. ეს არის მმართველი ძალის უნიათობის, გულგრილობის და კორუფციის მორიგი სახე“, - ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება. ადგილობრივების თქმით, მესაკუთრე აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და უნდა დაცალონ.
0
0