02/08/2023
17:08
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
„გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.
მომსახურების მიღება, ასევე შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.
თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.
პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.
სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
0
0