03/08/2023
09:08
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა დღეს, 3 აგვისტოს, 9:00 საათიდან განაახლა.
როგორც ცნობილია, გუშინ, თბილისის იუსტიციის სახლში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.
უწყების ცნობით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, მოქალაქეებს სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლების დახმარებით შეეძლოთ.
გუშინვე განცხადება გაავრცელა იუსტიციის მინისტრმა.
„იუსტიციის სამინისტრო ყველა სიტუაციაში მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზეა. იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.
მთავარი კი ის არის, რომ იუსტიციის სახლის, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, დაკეტვის მიუხედავად, შევძელით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეწია სათანადო მომსახურება და ადამიანებს იმედი და ნდობა გავუმართლეთ.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. წარმატებული პროექტის შედეგად ჩვენს მოსახლეობას არა მარტო სოფლად, არამედ კრიზისულ სიტუაციებში ქალაქებშიც ვემსახურებით. ამის ერთი ნათელი მაგალითი ქუთაისშიც გვქონდა ცოტა ხნის წინ, როდესაც წყალდიდობით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად მოსახლეობას სპეციალური მიკროავტობუსების მეშვეობით მივაწოდეთ ყველა საჭირო სერვისი.
საამაყოა ჩვენი თანამშრომლების მონდომება, ორგანიზებულობა და კოორდინაცია არაორდინალურ სიტუაციებშიც. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ვემსახურებით საქართველოს“, დაწერა მინისტრმა.
0
0