
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, თბილისის ანძა განათებულია უნგრეთის დროშის ფერებში.
უნგრეთის ელჩის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების ამონარიდი: "შეამჩნევდით, რომ 23 ოქტომბერს თბილისის ცნობილი ტელეანძა, რომელიც დიდებულად გადმოჰყურებს ამ ულამაზეს ქალაქს, წითლად, თეთრად და მწვანედ განათდა. წითელი, თეთრი და მწვანე უნგრეთის ეროვნული სამფეროვანი, დროშის ფერებია, დროშისა, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლებმა ბუდაპეშტის ქუჩებში აღმართეს 1956 წლის 23 ოქტომბერს".
არ დაგავიწყდეთ - საინფორმაციო ომს უფრო მეტი მსხვერპლის მოტანა შეუძლია!“ - წერს შაყულაშვილი.
ცნობისთვის, 1956 წლის 23 ოქტომბერს უნგრეთში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო. პოლონეთის ამბოხის გავლენით ათი ათასობით სტუდენტის მიერ დაწყებული ამბოხის დროს შეტაკებები დღეების განმავლობაში გაგრძელდა. საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებელი მმართველობის მოთხოვნით დაწყებული აჯანყება მალე მთელი უნგრეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. ამბოხს მხარი დაუჭირა უნგრეთის არმიამაც, რის გამოც საბჭოთა არმიამ მცირე ხნით უკან დაიხია. აღნიშნული აჯანყება 4 ნოემბერს ათასობით საბჭოთა ტანკის უნგრეთში შესვლით სისხლში იქნა ჩახშობილი.
0
0