
ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, თბილისიდან და ბათუმიდან არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ფრენები გაუქმდა, - ამის შესახებ „კომერსანტს“ TAV Georgia-ში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ ამ დროისთვის საერთო ჯამში, თბილისის აეროპორტიდან 12, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისია გაუქმებული, თუმცა მონაცემები მუდმივ რეჟიმში ახლდება.
ცნობისთვის, ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
0
0