21/09/2024
21:08
არჩევნები 2024
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები თბილისში, ისანი-სამგორის მოსახლეობას რიყეზე ხვდებიან. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ცვლილებები აუცილებელია და ამას მოსახლეობა ითხოვს. მისივე თქმით, საჭიროა ნამდვილი ცვლილება და არა ჩანაცვლება.
ნიკა მელიას თქმით, კოალიციამ თბილისის მოსახლეობასთან შეხვედრები ისანი- სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო.
"თბილისი ყველას ქალაქია, თბილისი პოლიტიკაზე მეტია. დიახ, თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა შურისძიებისა, გარდა დაპირისპირებისა. ამ ქალაქში ყველამ უნდა ვიცხოვროთ სიამაყით. დიახ, ყველას შვილებმა ერთმანეთთან უნდა იცხოვრონ , იქნება ეს ოპოზიციურად განწყობილი თუ ხელისუფლების მომხრე. ჩვენ შვილებს მოუწევთ და უწევთ სკვერებში ერთად თამაში, საერთო სკოლებში სიარული და შეუძლებელია ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს და თბილისელებს ერთმანეთთან აპირისპირებს.
ალბათ არ მოიძებნება ხელისუფლება, რომელიც 24 საათის განმავლობაში საკუთარ ხალხს შიშს უთესავს და არა ამხნევებს. არ მოიძებნება ხელისუფლება, რომელიც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ წარსულზე ესაუბრება. " - განაცხადა ნიკა მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას
მელიას განცხადებით, კოალიციური მმართველობით უნდა ჩანაცვლდეს ერთპარტიული და მითუმეტეს ერთპიროვნული მმართველობა და სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება კოალიცია ცვლილებისთვის.
"ქალაქი თბილისი არის ამაყი ქალაქი. თბილისელები არიან ამაყები და არავისგან არ მიიღებენ დირექტივას, მითუმეტეს არასწორ დირექტივას, რომ ვიღაცას ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ, განსაკუთრებით იქ, როცა ბოდიში არ არის მოსახდელი ისე კი, თბილისელებისათვის და თბილისისთვის ბევრს კი აქვს ბოდიში მოსახდელი." - თქვა მელიამ
მან თბილისში მცხოვრებ იმ მოსახლეობასაც მიმართა, რომლებიც დედაქალაქში არ არიან ჩაწერილები და მათ საკუთარ რაიონულ ცენტრებში ერთი დღით დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
0
0