
საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისში, ვაზისუბანში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული ცოლ-ქმრის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ელისაშვილის თქმით, თბილისში ლიფტებზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
„რა დააშავა იმ ცოლ-ქმარმა, რომელიც ამ ამბავს შეეწირა? ოჯახი, რომელიც ახალ წელს ისევე ლაღად და ბედნიერად შეეგება, როგორც ყველა და იმის გამო, რომ ეს ქალაქი უპასუხისმგებლობითა და სასიკვდილო საფრთხეებით არის სავსე, ერთ-ერთ ასეთ მონჯღრეულ ინფრასტრუქტურას შეეწირა. მერია და პროკურატურა ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს თემა როგორმე გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოიკვეთოს, კალაძეს ჩრდილი არ მიადგეს. ჩვენც გავაგრძელებთ ცხოვრებას, მომავალში კი სხვა დადგება სასიკვდილო საფრთხის ქვეშ.
ჩვენს ქვეყანაში არავინ იღებს ლიფტებზე პასუხისმგებლობას, არ არსებობს ვინმე, ვინც იტყვის, რომელი ლიფტია უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი. თუ ლიფტი გაჩერდება და აღარ მუშაობს, მხოლოდ მაშინ მოდის ვიღაც მის შესაკეთებლად, მაგრამ რამდენად ხარისხიანად აკეთებს, ეგ კიდევ სხვა საკითხია. ეს თემა, ფაქტობრივად, ჰაერშია გამოკიდებული.
ახლა, წესით, ამ საკითხზე თბილისის საკრებულოში უნდა მსჯელობდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ შოუებს აწყობენ. ეს „მშვიდობის ქალაქი“ კი არა, სინამდვილეში მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია. ძველი, საბჭოური ინფრასტრუქტურა უკვე საფრთხის შემცველია, დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციიდან და სახურავით დამთავრებული, ყველაფერი რეაბილიტაციას საჭიროებს. ახალი რაც კეთდება, რამდენად ხარისხიანია, მხოლოდ ღმერთმა იცის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
0
0