06/06/2023
15:47
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს.
მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი 6-7 ივნისს მასპინძლობს და მასში ევროპის ოცი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თბილისისათვის ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (Council of European Municipalities and Regions - CEMR) პოლიტიკური კომიტეტის სხდომის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი ტყემალაძემ დელეგატებს იმისთვის, რომ ბევრმა მათგანმა ამ წარმომადგენლობითი სხდომის ჩასატარებლად არჩევანი სწორედ საქართველოს დედაქალაქზე შეაჩერა, მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ვაფასებთ CEMR-ის ღვაწლს, რის შედეგადაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და ათეა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა (United Cities and Local Governments - UCLG) ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში იქნა გაწევრიანებული.
აგრეთვე გულწრფელად ვაფასებთ, რომ 2022 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნისთვის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელშიც მიუთითა, რომ ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და მათთვის მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს ევროპაში ვხედავთ. წარმატებული განვითარების მოდელი ჩვენთვის სწორედ ევროპული მოდელია.
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ვიზიარებთ სხვადასხვა ევროპული ქალაქის საუკეთესო მაგალითებს, თუ როგორ მივაღწიოთ მდგრად ურბანულ განვითარებას ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დელეგატებისადმი მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ
საქართველოს თვითმმართველობებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და ამ გზაზე ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათთვის პრიორიტეტულია.
„ვიმედოვნებთ, რომ თბილისი კიდევ ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და ნაყოფიერი სამუშაო დღე გისურვოთ“, - განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ტყემალაძემ.
კომიტეტის შეხვედრაში ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის, საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
0
0