
თბილისელებმა ვაკის პარკის შადრევანს, მისივე [კახა კალაძის] უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობის, თბილისის მერიის უპასუხისმგებლო მმართველობის გამო, რასაც მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“, ეს შადრევანი ვერ გახდება მშვიდობის სიმბოლო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ ვაკის პარკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულით ის, „ქართული ოცნების“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა, რომელიც ომსა და მშვიდობას შეეხება. როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობს ხალხს და კვლავ ნაცად ხერხს მიმართეს, ომის გამოგონილი საფრთხით აშინებენ საქართველოს მოქალაქეებს.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას საქართველოს მოქალაქეებზე. როდესაც ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობენ ხალხს, კვლავ ნაცად ხერხს მიმართეს და ომის გამოგონილ საფრთხით აშინებენ. აღმაშფოთებელია ისიც, რომ მოჩვენებით მშვიდობას, საკუთარ დამსახურებად ასაღებს და შადრევანს, რომელსაც თბილისელებმა სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“, მშვიდობის სიმბოლოდ ასაღებს.
მინდა შევახსენო კალაძეს, რომ თბილისელებმა ამ შადრევანს, მისივე უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობის, თბილისის მერიის უპასუხისმგებლო მმართველობის გამო, რასაც მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამართლიანად შეარქვეს „მკვლელი შადრევანი“, ეს შადრევანი ვერ გახდება მშვიდობის სიმბოლო.
მუნიციპალური სერვისების გაუმართაობამ, კალაძის კორუმპირებულმა მმართველობამ შეიწირა აქ, ამ ადგილზე მოზარდის სიცოცხლე. ამის შედეგ არაერთი ფაქტი ვნახეთ, როდესაც ადამიანები შეეწირნენ მუნიციპალური სერვისების გაუმართაობას. რიყის პარკის შემთხვევა, წყნეთში ფანჩატურში ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალება, სადგურის მოედანზე მომხდარი ტრაგედია. კალაძე და მისი მმართველობა ამათზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. კორუმპირებული მმართველობის შედეგია ის, რომ ადამიანები ფიზიკურად ზიანდებიან და ხშირად, სიცოცხლეს კარგავენ.
კალაძემ, ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის, მზად არის პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე. ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დალაგებული ჰქონდა პროკურატურასთან, სასამართლოსთან.
მინდა დავპირდე და შევახსენო მას, საქართველოში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც სამართლიანი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყო ის ადამიანი და ადამიანები, ვისაც უშუალო პასუხისმგებლობა მიუძღვის ვაკის პარკის ტრაგედიაში. სასწრაფოდ ამოიღეთ შადრევნის კადრი პროპაგანდისტული კლიპიდან“,- აღნიშნა შარაშიძემ.
0
0