
„ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და მათივე მართული დაკონტრაქტებული დამსმენის, ვატო შაქარიშვილის დასმენის საფუძველზე შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, დასმენა „ქართული ოცნების“ ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი“ გახდა.
„ეს მოქმედება პირდაპირ შეგვიძლია, განვიხილოთ ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის პასუხად და მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეუდგა, რაც პირდაპირ დაპირისპირებაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საქართველოს ევროპულ გზასთან. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება, რადგან „ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურად საწინააღმდეგოს აკეთებს. ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს.
საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, გამოვფხიზლდეთ და ჩავერთოთ იმ პროცესში, რაც ნიშნავს „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, დიდი სახალხო მოძრაობით დამთავრებას. ამ გზაზე საეტაპო მოვლენაა 4 ოქტომბრის არჩევნები. 4 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარიშვილის დასმენის, ბერიასა და სტალინის გზა საქართველოს მომავალი არ არის. საქართველო ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე გადარჩება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. უწყების განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
0
0