
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ EMAAR ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს და საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოგებას და სარგებელს მიიღებს ქვეყანა.
დათუნაშვილის თქმით, კითხვა ეხება იმას, ხომ არ დგას საშიშროება, შეიქმნას ანკლავური ურბანული წერტილები თბილისთან და ბათუმთან.
თაზო დათუნაშვილის განმარტებით, ანკლავური განვითარება, საერთაშორისო პრაქტიკით, არ არის კარგი ქვეყნისთვის.
„პარტიის ლიდერი და პარტია ითხოვს, გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რომელიც ამტკიცებს, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ოპერირება ექნება ამ კომპანიას, ნამდვილად 6 მილიარდის ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში. მარტივი გზა, რომ ქართველმა საზოგადოებამ დაინახოს, რეალურად რა დგას, ჩვენი აზრით, აფიორის უკან, არის ამ ხელშეკრულების გასაჯაროვება. ხელშეკრულებაში ძალიან ნათლად იქნება გაშლილი და გავიგებთ, სინამდვილეში 6 მილიარდი, 6 მილიონი, თუ 600 ათასია ის მოგება, რასაც ქართველი საზოგადოება ნახავს ამ პროექტიდან. საჯარო ინფორმაციით, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, ეს არის ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფო მიწა, რომელიც ჯამში 600 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. გვაინტერესებს, ამის შესაბამისი ინვესტიცია უკან რა არის. ვიცით განცხადებები, რომ ის საბაზრო ფასი, რომელიც დაედება უძრავ ქონებას, იქნება ძალიან მაღალი და მიზანი, ძირითადად მოიზიდოს საერთაშორისო კლიენტები, კონკრეტულად კი არაბეთის გაერთიანებული საამიროდან. ამიტომ ჩვენ ვსვამთ კითხვას, ხომ არ დგას საშიშროება, შეიქმნას ანკლავური ურბანული წერტილები თბილისთან და ბათუმთან. პრობლემა არ გვაქვს არცერთი ეროვნების ადამიანთან, პრობლემა გვაქვს ანკლავურ განვითარებასთან, რაც დიდი საერთაშორისო პრაქტიკით, მათ შორის ქართული პრაქტიკით, არ არის კარგი ქვეყნის განვითარებისთვის. სახელმწიფო 9 მილიონი კვადრატული მეტრის მიწით შედის წილში, შესაბამისად, ბიზნეს რისკს იღებს რაღაც კომპანიასთან ერთად, ქართულმა საზოგადოებამ, გადასახადების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, რატომ ვიღებთ ამ რისკს, რა სარგებელს ველოდებით რეალურად და რა იქნება მონაგები. რა ვქნათ ახლა, შალვა პაპუაშვილის ფიზიონომიის მიხედვით ვიმსჯელოთ, მართალია თუ არა ეს ინვესტიცია? ბიზნესი არის ძალიან მარტივი, პრაგმატული საკითხი – რიცხვები გვაინტერესებს. სპეკულაციისთვის არ ვამბობთ, მარტივი ამბავია, რიცხვებს ეხება, დადეთ ხელშეკრულება, ვიმსჯელოთ დეტალებზე“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
0
0